• მეტა


  • სტატიების გამოწერა

    თემატიკა:

    არქივი:

    ავტორები:


    Synergy Insight Synergy Startup

    წარმატებული სტარტის ფორმულა - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესის სწორად დასაწყებად

    სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
    7 სექტემბერი, 2009 | წაკითხულია 1,438-ჯერ

    ახლად დაარსებული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი დაწყებიდან მოკლე ხანში ასრულებს არსებობას. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არასწორი სტარტია, არასწორად გაკეთებული აქცენტები საწყის ეტაპზე და თავიდანვე საქმის ფართო მასშტაბით დაწყების მცდელობაა, რაც ძალიან ხშირად არ ამართლებს.

    ბევრი გვეკითხება, ღირს თუ არა ამა თუ იმ საქმის დაწყება, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ის, რაზე არის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭირო ბიზნეს ორგანიზაციის დაარსების პირველ ეტაპზე. გადავწყვიტეთ, ძალიან მოკლედ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი მოსაზრება ამ საკითხზე, რათა ახლად დამწყებთ მცირედით მაინც გავუადვილოთ ისედაც ძალიან რთული ამოცანა.

    პროდუქტი, გაყიდვები და რეპუტაცია არის ის სამი კომპონენტი, რომელიც ახლადწამოწყებული ბიზნესის კარგ სტარტს უზრუნველყობს. სწორედ ამ სამ საკითხზეა ყველაზე მნიშვნელოვანი მაქსიმალური ყურადღების მიქცევა ახალი ბიზნესის დაწყების პირველივე დღეებიდან.

    სწორი პროდუქტი
    პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი საქმის დაწყებისას არის პროდუქტი /მომსახურება, რომელსაც ორგანიზაცია ბაზარს შესთავაზებს. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის დამაარსებლებმა ზუსტად იცოდნენ, ვისთვის იწყებენ მუშაობას და რა მთავარი სარგებელი უნდა შექმნან მათთვის. რა იქნება ის უმთავრესი ღირებულება რომელსაც ორგანიზაცია თავის მომხმარებელს გადასცემს. ხშირად ახლად დამწყები ორგანიზაციები თვლიან, რომ ორგანიზაციის დაარსებისათვის საკმარისია ფულის შოვნის ერთი კონკრეტული შესაძლებლობის გამოჩენა რაც ხშირად ამ შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ უფუნქციოდ ტოვებს ფირმას.

    პროდუქტის ჭრილში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ზუსტი ცოდნა, თუ რა უპირატესობა ექნება თქვენს პროდუქტს ბაზარზე არსებულ ანალოგებთან. რითი იქნება გამორჩეული ის და რა დამატებითი მიმზიდველობა გახდის მას უფრო საინტერესოს მომხმარებლისთვის. ხშირად ახალი ორგანიზაციის დაფუძნებისას არასაკმარისად სწავლობენ ბაზარზე არსებულ ანალოგებს, ან მნიშვნელოვან უპირატესობად თვლიან ისეთ განსხვავებას, რაც საბოლოო ჯამში არც ისე მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ხოლმე მომხმარებლისთვის.

    მნიშვნელოვანია აგრეთვე პროდუქტის მუდმივი განვითარება, რაც მომხარებელთან ეფექტური უკუკავშირით არის შესაძლებელი. ახლად დამწყები ორგანიზაციების დიდი ნაწილი სწორედ იმაში უშვებს შეცდომას, რომ ცდილობს თავიდანვე იდეალურად დახვეწილი და მომზადებული პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს. ეს, როგორც წესი არ გამოდის, რის შედეგადაც ორგანიზაცია ვერ ახერხებს რეპუტაციის ფორმირებას. გაცილებით ეფექტური სტრატეგიაა დაიწყოთ თუნდაც შედარებით უხარისხო პროდუქტით, მაგრამ უზრუნველყოთ, რომ ის ყოველ ჯერზე თუნდაც ოდნავ, მაგრამ უკეთესი გახდეს. და თუ თქვენ შეძლებთ ამის მიღწევას, მომხმარებლის რაოდენობა თვითონ გაიზრდება იმის კვალობაზე, თუ როგორ განვითარდება მათთვის პროდუქტის თუ მომსახურების შეთავაზების უნარი და სიმძლავრეები თქვენს ორგანიზაციაში.

    გაყიდვების ეფექტური მიდგომა

    მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახლად დაწყებული ბიზნესის წარმატებისათვის არის გაყიდვების მიდგომა. ანუ სქემა, რომლითაც პროდუქტი თუ მომსახურება უნდა გაიყიდოს. აუცილებელია იყოს ძალიან ცხადად ჩამოყალიბებული გზა, თუ როგორ ხდება პოტენციური მომხმარებლის დაინტერესება პროდუქტით. ინფორმაციის თავდაპირველი გავრცელების სწორად შერჩეული არხები ყველაზე მეტად კრიტიკულია ორგანიზაციის წარმატებისათვის. ხშირად ახლად დამწყებები თვლიან, რომ მასიური არხები ყველაზე ეფექტურია ამისათვის და თუ ფული აქვთ, აქტიურად აკეთებენ ამას. სინამდვილეში კი, როგორც წესი ახლად დაწყებული საქმიანობა მომხმარებლის მცირე ჯგუფისთვის არის განკუთვნილი და მათ საპოვნელად ინფორმაციის გავრცელების მასიური არხების გამოყენებამ სრულიად არარენტაბელური და არაეფექტიანი შეიძლება გახადოს ბიზნესი. და რაც ყველაზე მთავარია, ინფორმაციის გავრცელების მასიური არხების გამოყენება სულაც არ უზრუნველყობს იმას, რომ საჭირო ადამიანები საკმარისი რაოდენობით მიიღებენ საჭირო ინფორმაციას.

    გაცილებით უფრო ეფექტურია ინფორმაციის გავრცელების მიზნობრივი არხების მოფიქრება, რომლებსაც მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სიზუსტით შეუძლიათ ინფორმაციის პოტენციურ მომხმარებლებამდე მიტანა. ეს იაფიც ჯდება და შედეგსაც მეტად უზრუნველყობს.

    მეორე მნიშვნელოვანი საკითხი გაყიდვების ნაწილში თვითონ ინფორმაციის შინაარსია. როგორც წესი, ორგანიზაციები გასავრცელებელი ინფორმაციის შინაარსს არასათანადოდ  უთმობენ ყურადღებას. აქ არსებითია ზუსტად და ძალიან ლაკონურად ჩამოყალიბდეს, თუ რა ინფორმაცია და მომხმარებლის რომელი ჯგუფისთვის არის მისაწოდებელი.

    მესამე საკითი გაყიდვების ნაწილში, რომელის ასევე დიდ გავლენას ახდენს სტარტის ეფექტურობაზე, ეს არის იმ მომხმარებლის სწრაფად მოძიება და დაინტერესება პროდუქტით, რომლებიც ზოგადად უფრო მიდრეკილები არიან ექსპერიმენტებისაკენ. ყველა ტიპის პროდუქტისთვის არსებობს მომხმარებლების ასეთი ჯგუფები. ისინი სინჯავენ ახალ პროდუქტს და მერე სწრაფად ავრცელებენ ინფორმაციას შთაბეჭდილებების შესახებ. სწორედ ამ ჯგუფის მომხმარებლების მოძიება, დაინტერესება და მათთვის პროდუქტის (მომსახურების) მიწოდება წარმოადგენს გაყიდვების უპირველეს ამოცანას ბაზარზე ახალი პროდუქტის შეტანისას.

    მეთოდები, რომლითაც ამ ტიპის კლიენტების მოძიება და დაინტერესება ხდება, განსხვავებულია, მაგრამ მათი გამოძებნა და გამოყენება აუცილებელია ბიზნესის ეფექტურად დასაწყებად.

    ობიექტური რეპუტაცია რეალური მოლოდინის შესაქმნელად

    ორგანიზაციები რომლებიც ეს ესაა იწყებენ ფუნქციონირებას, დგანან დიდი ცდუნების წინაშე, რაც შეიძლება კარგ ფერებში წარუდგინონ საკუთარი თავი მომხმარებელს პირველივე ეტაპზე. აწყობენ ხმაურიან პრეზენტაციებს, იყენებენს პრესას და ტელევიზიას ამისათვის, თუმცა, სამწუხაროდ მათი დიდი ნაწილი, ისინი, ვინც ამ პრეზენტაციის შემდეგ ვერ ახერხებენ რეალურად დაპირებული ხარისხის ან მაშტაბის შეთავაზებას გაცილებით უარყოფით შედეგს იღებენ.

    ძალიან საშიშია მომხმარებლებში არასწორი მოლოდინის შექმნა. ყველაზე კარგი რაც შეიძლება იყოს ამ ნაწილში, რაც შეიძლება ობიექტურად წარუდგინოთ თავი ბაზარს. ისე, როგორც თქვენ რეალურად შეგიძლიათ იყოთ ყოველდღიურ საქმიანობაში. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ შექმნათ ობიექტური, რეალური მოლოდინი მომხმარებელში.
    მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რეპუტაციისათვის არის პროდუქტის (მომსახურების) სტაბილური, მინიმალური ხარისხის უზრუნველყოფა. ანუ თქვენ უნდა შეძლოთ თითქმის გამონაკლისების გარეშე აწარმოოთ პროდუქტი მინიმუმ იმ ხარისხით, რომელიც ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანს არ მიაყენებს.

    და ბოლოს, თქვენ უნდა ეცადოთ ყოველ ჯერზე თუნდაც უმნიშვნელოდ, მაგრამ გადააჭარბოთ მომხმარებლის მოლოდინს. შესაძლოა ყველაზე იაფი, მაგრამ ორიგინალური გზებით გააოცოთ მომხმარებელი თქვენი მზრუნველობით, ყურადღებით, შემოქმედებითი მიდგომით, რაც მათში გააჩენს შეკითხვას - რა შეიძლება იყოს ამის შემდეგ. და ისინი მინიმუმ ამ ინტერესის გამო ცოტა უფრო მეტად ლოიალურები იქნებიან თქვენ მიმართ. ეცდებიან უფრო ხშირად ისარგებლონ სწორედ თქვენი პროდუქტებით თუ მომსახურებით.

    ახლად დაარსებული ორგანიზაციების უმრავლესობა დაწყებიდან ძალიან მალე ამთავრებს მოღვაწეობას. მაგრამ თუ ისინი ყურადღების მთელ კონცენტრაციას პროდუქტზე, გაყიდვებზე და ორგანიზაციის რეპუტაციაზე მოახდენენ, შანსი იმისა, რომ კარგად დაიწყებენ, გაცილებით უფრო დიდი იქნება. ასეთ შემთხვევაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განვითარების სწორი სტრატეგია, კარგად ჩამოყალიბებული მოტივაციის სისტემები, ორგანიზაციული სტრუქტურა, დაგეგმვის და კონტროლის სქემები, კადრების შერჩევის და მართვის სწორი სქემები მოგვიანებითაც შეიძლება დამუშავდეს და ამუშავდეს. პირველივე ეტაპზე ამ საკითხებზე მუშაობა არც საჭიროა, არც მიზანშეწონილი, ვინაიდან მათ მთავარი საკითხებიდან ყურადღება შეიძლება გადაგატანინონ. მოგვიანებით, როცა გაიზრდებით და შეატყობთ რომ ქაოსი ხელს გიშლით უფრო მეტი სარგებლის შექმნაში,  მერეც საკმარისად მოგიწევთ ამ საკითხებზე ფიქრი და ზრუნვა.






    გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე

    სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;

    სტატიის რეიტინგი
    1 ვარსკვლავი2 ვარსკვლავი3 ვარსკვლავი4 ვარსკვლავი5 ვარსკვლავი — საშუალო 4.60 ქულა

    5 კომენტარი სტატიაზე “წარმატებული სტარტის ფორმულა - ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესის სწორად დასაწყებად”

    1. GAGA:

      7 სექტემბერი, 2009 22:54

      კარგია

    2. მირაჟი:

      11 სექტემბერი, 2009 11:13

      ეს ზოგადი რჩევებია და კონკრეტული, უფრო საინტერესო იქნებოდა,თუმცა ყურადსაღებია ნამდვილად.:)

    3. მირაჟი:

      11 სექტემბერი, 2009 11:15

      და კიდევ,ისევ გესტუმრებით და იმედია, საინტერესო თემები დამხვდება. მადლობთ,გაიხარეთ. :)

    4. ლიკა-ნინო:

      26 ოქტომბერი, 2009 13:44

      გაიხაერეთ მაგარი თემაა, ძაან დაგვეხმარა პრეზენტაციის თემის დაწერაში….. :)

    5. S.H.:

      14 ნოემბერი, 2009 14:44

      ბიძია ბილმაც ეგრე დაიწყო :)

    კომენტარის დამატება:

    :


    შეიყვანეთ კოდი   If you cannot see the CheckCode image,please refresh the page again!